ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ტარდება ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge-ის ვებგვერდზე, ინტერნეტ სივრცეში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის ავტორი უნდა დარეგისტრირდეს lit.ge-ზე და შესაბამის გვერდზე გამოაქვეყნოს 5-10 გვერდის მოცულობის საკონკურსო ნაწარმოები. კონკურსანტმა ნაწარმოებს უნდა დაურთოს მცირე ანოტაცია. ავტორის ვინაობა აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შესაბამის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები არ მიიღება. კონკურსის მიმდინარეობისას, ავტორის ვინაობა იქნება დაფარული. ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები. საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ-სივრცეში.
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კონკურის 5 ჟიურის წევრი (ჟიურის წევრები არიან მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები) გამოავლენს საუკეთესო ნაწარმოებებს. ჟიურის წევრები ნაწარმოებებს ეცნობიან ნაწარმოებების მიღების პარალელურად და დამატებით 4 დღის განმავლობაში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს შეაფასებს მკითხველი, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური მკითხველები დასაჩუქრდებიან ელექტრონული მაღაზია lit.ge-ის ვაუჩერებით. მკითხველისთვის სპეციალურ პრიზს ასევე აწესებს ფარმაცევტული კომპანია GPC.
გამარჯვებულთა ვინაობა (I, II, III ადგილები, ჟიურის სპეციალური და სხვა პრიზები) გამოცხადდება დაჯილდოების ცერემონიალზე, 15 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში.
პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია "წერო" და 4000 ლარი
მეორე პრემია: 2000 ლარი
მესამე პრემია: 1000 ლარი
ლიტერატურული კონკურსი „წეროს“ ორგანიზატორები არიან – ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია Lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC. მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო