2018 წელს „კავკასიურმა სახლმა“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა გივი მარგველაშვილის რომანი „ოფიცერი პემბრი“.
გივი მარგველაშვილი ცნობილი ქართველი გერმანულენოვანი მწერალი, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერია, რომელიც ბერლინში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან პოლიტიკური მიზეზებით ემიგრირებულ ოჯახში დაიბადა. ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში გივი მარგველაშვილს მოუწია როგორც ნაცისტური, ასევე საბჭოთა რეპრესიების საკუთარ თავზე გადატანა. კომუნისტთა მმართველობის ეპოქაში მის მიერ დაწერილი არც ერთი გერმანულენოვანი მხატვრული ნაწარმოები არ გამოქვეყნებულა. მარგველაშვილის შემოქმედებამ დღის სინათლე მხოლოდ „პერესტროიკის“ შემდეგ იხილა. რომანი „ოფიცერი პებრიც“ მხოლოდ 1990-იან წლებში გამოქვეყნდა და ფილოსოფოსის შემოქმედების სხვა ნიმუშების მსგავსად ამ წიგნმაც განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა ევროპულ საზოგადოებაში. „ოფიცერი პემბრი“ ქართულად პირველად ქვეყნდება. რომანი მწერალ ნაირა გელაშვილის პროექტის ფარგლებში გერმანისტმა ლაშა დადიანმა თარგმნა.
ნაწარმოები მოგვითხრობს ამბავს ციხის ზედამხედველ ოფიცერ პემბრის შესახებ, რომელიც რეალური ცხოვრების პარალელურად თომას ჰარისის, XIX საუკუნეში დაწერილი რომანის ,,კრავთა დუმილის" პერსონაჟი აღმოჩნდება. ეს ის ოფიცერი პემბრია, რომელიც ,,კრავთა დუმილის" მთავარი გმირის - ჰანიბალ ლექტერის ციხიდან გაქცევას უნდა ემსხვერპლოს, თუმცა გივი მარგველაშვილის რომანში პროსპექტული კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მეინლეზერი ცდილობს ოფიცრის დახსნას გარდაუვალი განსაცდელისგან.
21 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში (მისამართი: ივანე მაჩაბლის ქუჩა, 13) გივი მარგველაშვილის რომანის „ოფიცერი პემბრი“ წარდგენა გაიმართება. წარდგენაზე მოხსენებებს წაიკითხავენ:
თსუ-ის გერმანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლალი ქეცბა-ხუნდაძე,
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ბ-ნი ლევან ბრეგაძე
მწერალი როსტომ ჩხეიძე.
დასწრება თავისუფალია,