მწერალთა სახლის ამ პროექტის მიზანია ბაღისა და დაწყებითი კლასების პატარებს შესთავაზოს ლამაზი და ფერადი ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები. შეხვედრებს 2013 წელს მწერალი მაკა მიქელაძე უძღვებოდა, რომელიც არაერთი საბავშვო მოთხრობის ავტორია. 2014 წლიდან ამ შეხვედრების მასპინძლები გამომცემლობები იყვნენ.
2015 წლიდან კი შეხვედრებს ტრადიციული მასპინძელი საბავშვო მწერალი ვასო გულეურია. შეხვედრებზე შემოქმედებითი და თავისუფალი ატმოსფეროა, სადაც ავტორი და პატარები ერთად ცდილობენ წიგნთან და ამბავთან ზიარებას. ვფიქრობთ, მწერალი კიდევ უფრო კარგად აგრძნობინებს პატარებს წიგნთან შინაგან მთლიანობას, ამ განცდას კი კითხვისა და თხზვის პროცესში პატარების თანამონაწილეობა აუცილებლად შექმნის.
ამ წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა, ვასო გულეურის მოწვევით მწერალთა სახლში მოსულ ბავშვებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ქართველ და უცხოელ საბავშვო მწერლებს.
შეხვედრების ციკლი „პატარები მწერალთა სახლში“ ყოველ შაბათს იმართება და დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისათვის.