ეს არის საუბრების ციკლი თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებაზე. შეხვედრის სტუმარი ერთ კონკრეტულად შერჩეულ თემაზე საუბრობს და კონკრეტული მიმდინარეობის თუ მხატვრის შემოქმედების სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს. ხშირად ისმის კითხვა, თუ რა არის ხელოვნება და პასუხის გაცემასაც ცდილობენ. განსაკუთრებით აქტიურია ეს კითხვა თანამედროვე ხელოვნების შესახებ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენთან არც ისე ხშირია თანამედროვე ხელოვნების ამსახველი გამოფენები და ამ თემაზე კიდევ უფრო ცოტა იწერება. შესაბამისად, საზოგადოებისთვისაც უცხოა, თითქმის გაუგებარი და უინტერესო ის, რასაც თანამედროვე ხელოვნება ქვია. ამიტომაც, ჩვენ მიერ მოწვეული ექსპერტებისა და მხატვრების სასაუბრო თემები სწორედ ეს პრობლემები და საკითხები იქნება. ამ ციკლის ფარგლებში 2013 წლიდან მოყოლებული არაერთი საინტერესო შეხვედრა, დისკუსია და გამოფენა გაიმართა, რომელთა მონაწილეები სხვადასხვა დროს იყვნენ: გია ეძგვერაძე, ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი, ხელოვნებათმცოდნე სალომე ცისკარიშვილი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მხატვარი და გალერისტი ირინა პოპიაშვილი, მხატვარი ლევან ჭოღოშვილი, მხატვარი ლევან ლაღიძე.