„მწერალთა სახლის“ ამ პროექტის უმთავრესი იდეა არის ორი სხვადასხვა თაობის ავტორის მოწვევა შეხვედრაზე და მათი საუბარი წერის პროცესზე, წერის ინსპირაციაზე, წერისა და თხრობის მანერასა და ხასიათზე. საინტერესოა საუბარი იმაზე, თუ როგორ იწერება ესა თუ ის ნაწარმოები, რას და როგორ წერს ქართველი მწერალი. როგორია მწერლისა და გამომცემლის ურთიერთობა და როგორია ინტერესი კონკრეტული ავტორისა თუ ზოგადად, წიგნისადმი. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისიც, რამდენად იცნობენ ქართველი მწერლები დასავლეთში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს. პირველ ეტაპზე მწერალთა სახლი მხოლოდ ქართველ ავტორებთან თანამშრომლობდა, თუმცა, ჩვენი სამომავლო სურვილია, ქართველი და უცხოელი ავტორის ერთად მოწვევა და ორი განსხვავებული კულტურისა თუ წერის მანერის ავტორის ერთმანეთთან და საზოგადოებასთან გასაუბრება. ვფიქრობთ, მსგავსი შეხვედრები საინტერესო უნდა იყოს არა მარტო ლიტერატურის მოყვარულთათვის, არამედ დამწყები მწერლებისათვის.