2017 წლის 18 დეკემბერს რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერალთა სახლში გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რარიტეტული წიგნები და იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტოები რეზო თაბუკაშვილის პირადი არქივიდან.
რეზო თაბუკაშვილი ავტორია რამდენიმე ფილმის სცენარის, მცირერიცხოვანი ლექსების და თორმეტი დოკუმენტური ფილმის, რომლებიც მის მეცნიერულ-კულტურულ კვლევებს ასახავს, პიესების: „რაიკომის მდივანი“ და „რას იტყვის ხალხი?!“
მისი უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით საქართველოს დაუბრუნდა ეროვნული საგანძურის უნიკალური ნივთები, იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტოარქივი, ფოტოფირები და უძველესი ხელნაწერები, ერეკლე II-ის წერილები ვენეციის გამგებლისადმი, თამარ და აკაკი პაპავების არქივი, სულხან-საბა ორბელიანის სამაჯური, ვანო ქიქოძის იარაღების უნიკალური კოლექცია, ქეთევან დედოფლის მოქსოვილი ფარდაგი, ასევე ნიკო ბურის რარიტეტები.
რეზო თაბუკაშვილის დამსახურებაა კუნძულ ტექსელზე, ქართული ბატალიონის ამბოხების კვლევა და ამბოხებულების ზნეობრივი და იურიდიული რეაბილიტაცია; მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხმოცზე მეტი ჯარისკაცის საფლავის მოძიება.მან აღმოუჩინა და დაუბრუნა ქართველ ხალხს მიხეილ თამარაშვილის, მიხეილ თარხნიშვილის, გრიგოლ ფერაძის, პეტრე ხარისჭირაშვილის, და თამარ და აკაკი პაპავების, ვიტორია სელას და სხვათა სახელები.