2015 წლის 22 სექტემბერს, ნიკო სამადაშვილის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მწერალთა სახლის ბაღში პოეტის ხსოვნის საღამო გაიმართა. ნიკო სამადაშვილის შემოქმედების შესახებ ისაუბრა ფოლკლორისტმა და ლიტერატორმა ზურაბ კიკნაძემ. მისი ლექსები წაიკითხეს ლია სტურუამ, გივი შაჰნაზარმა, მანანა ღარიბაშვილმა, რატი ამაღლობელმა, შოთა იათაშვილმა, გიორგი ლობჟანიძემ, ლელა სამნიაშვილმა, გაგა ნახუცრიშვილმა, ვასო გულეურმა, დიანა ანფიმიადმა, კატო ჯავახიშვილმა და პაატა შამუგიამ.
ნიკო სამადაშვილი 1963 წლის 1 მაისს, 58 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. პოეტი, როგორც საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი, ორჯერ - 1943 და 1947 წლებში - გაასამართლეს. სიცოცხლეში ნიკო სამადაშვილის პოეზია მეგობრებისა და კოლეგების ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. მისი ლექსები პირველად პოეტის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ გამოქვეყნდა, როცა „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორად რევაზ თვარაძე დაინიშნა. ხოლო, პირველი პოეტური კრებული „ბეთანია“ 1973 წელს გამომცემლობა „მერანმა“ დასტამბა. ამ დროს ნიკო სამადაშვილი უკვე ათი წლის გარდაცვლილი იყო.