იოსებ გრიშაშვილის 125 წლის იუბილე მწერალთა სახლში

2014 წლის 20-27 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით მწერალთა სახლში გაიმართა გამოჩენილი ქართველი პოეტის, იოსებ გრიშაშვილის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული.

კვირეულის ფარგლებში მწერალთა სახლის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პოეტის ცხოვრების ამსახველ უნიკალურ ფოტო-დოკუმენტურ გამოფენას; 20 ოქტომბერს გაიმართა  იოსებ გრიშაშვილის პოეზიის კითხვის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლელა სამნიაშვილმა, დიანა ანფიმიადმა, შოთა იათაშვილმა, პაატა შამუგიამ, თამთა მელაშვილმა და სხვა თანამედროვე ავტორებმა.

21 ოქტომბერს უფროსკლასელებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ მწერლისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის საჯარო ლექციას გრიშაშვილის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ.

კვირეულის მიზანი იყო, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, იოსებ გრიშაშვილის, როგორც პოეტისა და საზოგადო მოღვაწის პოპულარიზება ახალგაზრდა თაობის მკითხველთა შორის.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor