ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირდებით 2013 წლის 24- 26 დეკემბერს მწერალთა სახლისა და საქართველოს ხელნაწერთა ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა.
გამოფენა მიეძღვნა ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი მეუღლის ნინო პოლტორაცკაიას სიყვარულის ისტორიას. 36 წლის მანძილზე ნინო პოლტორაცკაია მხარში ედგა სახელოვან მეუღლეს, ცდილობდა გაეთავისუფლებინა იგი ყოველდღიური საოჯახო საზრუნავისაგან, მიეცა მისთვის საშუალება, მთელი დრო და ენერგია სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დაეთმო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექვთიმე თაყაიშვილის საარქივო მასალები, ნინო პოლტორაცკაიას მიმოწერა ექვთიმე თაყაიშვილთან, ექვთიმეს წერილები იროდიონ სონღულაშვილისადმი, ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას ფოტოები , ნინო პოლტორაცკაიას პირადი დღიური, ასევე ნინო პოლტორაცკაიას ხელნაკეთი ტილო და ბევრი სხვა საინტერესო ნივთი.