თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) 2015 წლიდან ქვეყნის ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ფესტივალი იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, ავტორებთან შეხვედრებს, წიგნის პრეზენტაციებს, პანელ-დისკუსიებს. საზოგადოებისთვის ღია საღამოების გარდა მოწვეული ავტორებისთვის იგეგმება კულტურული პროგრამა თბილისში და ქალაქგარეთ, რომ საქართველო და აქ მოგზაურობა მათთვის დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცეს.

განვლილი ფესტივალების სტუმრები იყვნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ჩარლზ ბერნსტაინი, ვიქტორ ეროფეევი, დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ტომას ვენცლოვა, ტადეუშ დაბროვსკი, იულია ფიედორჩუკი, ნინო ხარატიშვილი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა და სხვები - ლიტერატურული წრეებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები.

ფესტივალს არ აქვს ანალოგი კავკასიის რეგიონში, შესაბამისად, TIFL იმ აქტივობებს შორისაა, რომლებიც თბილისის კულტურულ ცენტრად („ჰაბად“) ქცევას განაპირობებს.

TIFL უნიკალური მოვლენაა, რომელიც გაზაფხულის ერთ კვირაში თავს უყრის ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას და აწვდის საზოგადოებას გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების ფორმატით.

პროექტი განსაკუთრებულია იმ მხრივაც, რომ სარგებლიანია მრავალი მომიჯნავე სფეროსთვის: ფესტივალი თანამედროვე ავტორებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, მკვლევარებს  და მთარგმნელებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ცოცხალ და მუდმივად განვითარებად საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში.  მჭიდროდ თანამშრომლობს ლიტერატურულ ჟურნალებთან, გამომცემლობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალის წყალობით ქვეყანას სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის აზრის ლიდერები (opinion leaders), რაც ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასაც.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor