მწერალთა სახლი გახსნის დღიდან ყოველწლიურად მართავს დავით სარაჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ კვირეულს. შენობა, სადაც მწერალთა სახლია განთავსებული, სწორედ მის მიერაა აგებული 1905 წელს. ჩვენი სურვილია, დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ფორაქიშვილის მოღვაწეობა და დამსახურება ყოველწლიურად სხვადასხვა კუთხით შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას.
შესაბამისად, 2013 წლიდან ყოველი წლის ნოემბერი მწერალთა სახლისთვის პირველ რიგში დავით სარაჯიშვილის საიუბილეო კვირეულით აღინიშნება.
2013 წელი: მწერალთა სახლის ორგანიზებით საზეიმოდ აღინიშნა დიდი ქველმოქმედის 165 წლის იუბილე. საიუბილეო კვირეული გამოფენით გაიხსნა.
კვირეულის ფარგლებში გამოიცა გამოფენის ამსახველი კატალოგი. გაიმართება დავით სარაჯიშვილის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
კონფერენციის თემები იყო:
- დავით სარაჯიშვილი
- დავით სარაჯიშვილი და კონიაკის წარმოება საქართველოში
- დავით სარაჯიშვილის სახლი მაჩაბელზე და თბილისის არქიტექტურა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში
2014 წელი: ეს წელი მიეძღვნა დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტებს. გამოიცა ბროშურა „ დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტები“.
2015 წელი: საიუბილეო ღონისძიებების მთავარი ფოკუსი სარაჯიშვილების ოჯახის მიერ განხორციელებული სამშენებლო პროექტები იყო. გაიმართა გამოფენა და ჩატარდა რამდენიმე ლექცია თბილისის სკოლების უფროსკლასელებისთვის, მომხსენებელი: ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი
2016 წელი: დავით სარაჯიშვილი და ეკატერინე ფორაქიშვილი - გამოფენა და კონფერენცია;
მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში მოღვაწე გამორჩეულ ქალებზე ისაუბრა ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა, ეკატერინე ფორაქიშვილზე კი - ფილოგოგმა რუსუდან მარგიშვილმა.
საღამოზე გამოიფინა ეკატერინე ფორაქიშვილისა და მისი ეპოქის ცნობილი მოღვაწე ქალების ფოტოები.
2017 წელი: ილია ჭავჭავაძე და დავით სარაჯიშვილი
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავშირებით, სარაჯიშვილის დღეები ამ ორი დიდი მოღვაწის ილია ჭავჭავაძისა და დავით სარაჯიშვილის მეგობრობას, მათ ურთიერთობასა და ერთობლივ საქმიანობას მიეძღვნა. დავით სარაჯიშვილი სხვებთან ერთად ერთ-ერთი პირველი უშუალო მსმენელი იყო ილია ჭავჭავაძის ახალი მოთხრობების თუ პოემებისა. ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცის, თუ როგორი ახლო მეგობრობა აკავშირებდათ მათ. რამდენიმე ღონისძიებით შევეცადეთ სწორედ ამ ურთიერთობაზე და მათ ღვაწლზე კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი საზოგადოებისთვის. გაიხსნა გამოფენა „ილია ჭავჭავაძე და დავით სარაჯიშვილი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის რამდენიმე ილუსტრაცია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე , კონკრეტულად კი იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც დავით სარაჯიშვილის სახლში იქნა წაკითხული. კრიტიკოსმა და ლიტერატორმა ნონა კუპრეიშვილმა ისაუბრა ილია ჭავჭავაძისა და დავით სარაჯიშვილის მეგობრობასა და მათ ეპოქაზე.