2014 წელს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა“ და საქართველოს მწერალთა სახლმა განახორციელეს ერთობლივი პროექტი „ჩვენი თავგადასავალი“. დამწყები პროზაიკოსების კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ მიზნად ისახავდა წერის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების წახალისებას, მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას. კონკურსის სლოგანი იყო - „შენი მკითხველი შენ გელოდება“.
კონკურსი დაიწყო 2014 წლის 19 ივნისს და დასრულდა 2 ოქტომბერს.
კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა 15 სექტემბერს. მწერალთა სახლისა და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული 24 დამწყები პროზაიკოსი, ორგანიზატორები და სტუმრები 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, წინანდალში შეიკრიბნენ. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ მწერალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი თეონა დოლენჯაშვილი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე და მწერალი, „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე. პროექტის გამარჯვებულთა შორის იყვნენ ლიზი ბუდაღაშვილი (მოთხრობა „ჟანა“, თბილისი) და ლელა თოთაძე (მოთხრობა „სახელსაც რომ ვერ დაარქმევ“, თბილისი). გიორგი ლობჟანიძემ სამი რჩეული დაასახელა - თემურ ზოიძე (მოთხრობა „ზუ“, ხულო), მაგდა საგინაშვილი (მოთხრობა „ჩემი ქალაქის ალექსანდრო“, საგარეჯო) და გაგა გულიაშვილი (მოთხრობა „საყურე“, რუსთავი). სამივე მათგანს გიორგიმ სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა კავკასიური სახლის ჟურნალ „აფრაში“. ხოლო, ირაკლი ჯავახაძის რჩეულები აღმოჩდნენ ლიზი ბუდაღაშვილი („ჟანა“) და თამთა გვენცაძე („ჩემი თავგადასავალი“, თბილისი), რომელთა მოთხრობებიც „ლიტერატურული გაზეთის“ 2014 წლის 17 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა და პირველ ჰონორარსაც მიიღებენ. კონკურსის პარტნიორ, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორმა თინა მამულაშვილმაც დაასახელა თავისი რჩეულები - თემურ ზოიძესა და მაგდა საგინაშვილს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნები გადაეცათ, მათ შორის, აკა მორჩილაძის ავტოგრაფით, ხოლო განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა ლიზი ბუდაღაშვილს, რომელსაც წიგნებთან ერთად 70 ლარიანი ვაუჩერი მიიღო საჩუქრად. კონკურსის სპონსორმა „ელიტ ფუდმა“, რომელმაც საჩუქრები ჟიურის წევრებსაც გადასცა, თავის რჩეულად დაასახელა აიტაჩ მამედოვა (მოთხრობა „ყვითელი... ოქროსფერი ფოთლები“, გარდაბანი).
წინანდალის შემდეგ ლიტერატურული კონკურსის მონაწილე ბავშვები მწერალთა სახლს ესტუმრნენ, სადაც მათ დრამატურგმა და ლიტერატურული კონკურსის „საბას“ გამარჯვებულმა დათო გაბუნიამ სახლის ისტორია უამბო.