2017 წელს ისტორიულ დიასპორებთან კულტურული ურთიერთობების დამყარების მიზნით მწერალთა სახლმა განახორციელა კიდევ ერთი პროექტი, რომლის მიზანი იყო ირანში არსებული ქართული დიასპორის მწერალთა სახლთან თანამშრომლობა. ფერეიდანი ირანის პროვინციაა, რომელიც ისპაჰანის ოლქში შედის. ფერეიდნელი ქართველები, მე-18 საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰის მიერ კახეთიდან აყრილი და ირანში გადასახლებული მოსახლეობის შთამომავლები არიან. ქართველებმა თავიანთი სოფლის სახელები (მარტყოფი, ნინოწმინდა, თელავი…) თან წაიღეს და იქაურ დასახლებებს დაარქვეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფერეიდნელები ეცადნენ შეექმნათ ისეთივე ენობრივი გარემო, როგორშიც ისინი საქართველოს მიწაზე ცხოვრობდნენ. ქართული საზოგადოებისთვისაც მეტ-ნაკლებად ცნობილია თუ რა ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნება მოახერხეს მათ საუკუნეების მანძილზე. წარმოდგენილი პროექტი აღნიშნული ტრადიციებისა და ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაგრძელებას ისახავდა მიზნად.
ირანის ქართულ დიასპორასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მწერალთა სახლის კონსულტანტი ცაცო კოტეტიშვილი იმყოფებოდა თეირანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში საკითხის მოკვლევის, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარების მიზნით.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მწერალთა სახლში გაიმართა შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ფერეიდანში მცხოვრები პოეტები და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები - ვასილ ყავლაშვილი, ლადო სეფიანი, ნუგზარ ლაჩინანი და იოსებ მიქელაძე. შეხვედრა აღნიშნული ტრადიციებისა და ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად. შეხვედრის მოდერატორი იყო აღმოსავლეთმცოდნე და ირანისტი ცაცო კოტეტიშვილი.
პროექტი _ ისტორიულ დიასპორებთან ურთიერთობების გაღრმავებისათვის - ქართული დიასპორა ირანში _ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.