2016 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მწერალთა სახლმა დაიწყო პროექტი, რომელიც ემსახურებოდა თურქეთში არსებული ქართულ დიასპორასთან კონტაქტის დამყარებასა და სამომავლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მწერალთა სახლის ინიციატივით პროექტის კოორდინატორმა აღმოსავლეთმცოდნე შუქურა (ცაცო) კოტეტიშვილმა ჩაატარა წინასწარი მოკვლევა, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში, მოიძია მასალები და დაამყარა კონტაქტები თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
პროექტის დასკვნით ეტაპზე, 27 ოქტომბერს მწერალთა სახლში გაიმართა შეხვედრა თურქეთიდან მოწვეულ სტუმრებთან: მწერალი, ლიტერატორი და მთარგმნელი ქევსერ რუჰი (ქეთევან ხანთაძე), მწერალი და მთარგმნელი ფაჰრედინ ჩილლოღლუ (ფარნავაზ ჩილაშვილი), (თარგმნილი აქვს ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, გალაკტიონის, ტიციან ტაბიძის და მუხრან მაჭავარიანის ლექსები.) ქართული პოეზიის მთარგმნელი ჰასან ჩელიქი, რომელიც ამჟამად მუშაობს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე. ერდალ ქუჩუკი (ელიზბარ ცივნარიძე), სტამბულში ქართული კულტურის სახლის დირექტორი. მათ ისაუბრეს საკუთარ შემოქმედებაზე და ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე თურქეთში. საღამოს უძღვებოდა აღმოსავლეთმცოდნე და ირანისტი ცაცო კოტეტიშვილი.
პროექტი განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.