პროექტი განხორციელდა მწერალთა სახლის ინიციატივითა და აშშ-ის სალჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.
პროექტი ითვალისწინებდა გასვლით ღონისძიებებს ამავე სოფლების სკოლებში. ქართველმა მწერლებმა და აქტივისტებმა მოსწავლეებისთვის ვორქშოპები და ლექციები გამართეს შემდეგ თემებზე: სამოქალაქო ინიციატივა და მისი მნიშვნელობა; როგორ დავწეროთ ბლოგები; მხატვრული ჩანახატების წერა; მეხსიერების კულტურა და სოფლის მეხსიერების კვლევა; საუბარი დრამატურგიაზე. ამ კომპონენტში მონაწილეობდნენ: ნაირა გელაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ნინო ბექიშვილი, არჩილ ქიქოძე, დავით გაბუნია, პაატა შამუგია, თამთა მელაშვილი, ანა მარგველაშვილი, დიანა კაკაშვილი და დიანა ანფიმიადი.
პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის 8 სოფლის (მეღვრეკისი, ერგნეთი, დიცი, ტირძნისი, მერეთი, არბო, კარბი და ქერე) საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის მოეწყო ექსკურსია თბილისში. დაათვალიერეს მწერალთა სახლის ისტორიული შენობა, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ამავე სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ თანამედროვე ქართველ მწერლებს: ლაშა ბუღაძეს, ირმა ტაველიძეს, გიორგი კეკელიძეს, დავით ტურაშვილს, შოთა იათაშვილს, ვასილ გულეურსა და გიორგი ლობჟანიძეს.