ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გამარჯვებულები უკვე ცნობილია.
წიგნად გამოცემული პოეტური კრებულის ნომინაციაში გაიმარჯვა პოეტურმა კრებულმა - „რომაული ლირიკის მწვერვალები“, მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი, გამომცემლობა „ლოგოსი“.
ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული პოეზიის ნომინაციაში გაიმარჯვა ჟურნალ "არილში" დაბეჭდილმა ზვიად რატიანის მიერ თარგმნილმა რობერტ ჰასის ლექსებმა.
პუბლიკაციის ნომინაციის მოკლე სიაში მოხვდა ხუთი თარგმანი:
- უილიამ ბლეიკი - ინგლისურიდან თარგმნა ხატია გაგნიძემ (ახალი საუნჯე)
- სერხიო ბადილია კასტილიო - ესპანურიდან თარგმნა სოსო მეშველიანმა (ახალი საუნჯე)
- ჩეზარე პავეზე - იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ (არილი)
- რობერტ ჰასი - ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა (არილი)
- ანისურ რაჰმანი - ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა (ახალი საუნჯე)
წიგნად გამოცემული თარგმანის ნომინაციაში შემოსული წიგნების რაოდენობიდან გამომდინარე, მოკლე სია ვერ შედგა.
საკონკურსოდ განიხილებოდა 2016 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის ნომინაციაში - 1800 ლარია, ხოლო პუბლიკაციისა - 700 ლარი.
კონკურსს მწერალთა სახლი გამომცემლობა "დიოგენესთან" ერთად 2016 წლიდან ატარებს. პროექტი დაფინანსებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.