საზაფხულო ლიტერატურული სემინარები (SLS) , რომელიც წელს პირველად 9 ივლისიდან 22 ივლისამდე თბილისში გაიმართება, მოხალისეებად იწვევს ინგლისური ენის მცოდნე ლიტერატურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
მოხალისეები სემინარების დღეებში დაესწრებიან შეხვედრებს, პანელ-დისკუსიებს, სემინარებს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრებზე. მათ ასევე მოუწევთ სემინარის ლექტორების მეგზურობა.
მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონზე : 599 48 62 41
მოხალისეებთან გასაუბრება გაიმართება მწერალთა სახლში ( ივ.მაჩაბლის 13), 3 ივლისს 15.00 საათზე.
სლს -ის შესახებ:
საზაფხულო ლიტერატურული სემინარები (SLS) მსოფლიოში ცნობილია, როგორც საერთაშორისო ლიტერატურული მეცნიერებების შემსწავლელი კულტურული ორგანიზაცია. იგი 1998 წელს დაარსდა და ამჟამად სამ კონტინენტზე ფუნქციონირებს: ჩრდილოეთ ამერიკა (მონრეალი, კვებეკი, (კანადა), ევროპა (ვილნიუსი, ლიტვა) და აფრიკა (ნაირობი-ლამუ, კენია). პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩრდილო ამერიკელი და საერთაშორისო ავტორების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურული გაერთიანებებისა და წრეების ურთიერთდაახლოებაში ; ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ავტორებსა და ლიტერატორებს ურთიერთანამშრომლობასა და ურთიერთგაგების გაღრმავებაში.
სლს-ის თბილისური პროგრამა იგივე მიზნებს ისახავს , რასაც ზოგადად ემსახურება საზაფხულო ლიტერატურული სემინარები. პროგრამა ხელს შეუწყობს ჩრდილო ამერიკელ და სხვა ქვეყნების მწერლებს შორის კულტურულ გაცვლასა და მეგობრობას. სემინარის მონაწილეები აქტიურად ითანამშრომლებენ ქართველ მწერლებთან და არტისტებთან. სემინარების მთავარი ადგილი მწერალთა სახლია. კვირაში სამჯერ, დილასა და შუადღისას მონაწილეები დაესწრებიან ინტენსიურ სემინარებს. სემინარები ტიპიური მაღალი დონის შემოქმედებითი წერის კურსები იქნება, ინგლისურ ენაზე. ყველა შეხვედრასა და დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.
სემინარის მასწავლებლები არიან : იოსიფ ნოვაკოვიჩი ( მხატვრული/დოკუმენტური პროზა), არიანა რეინსი (Ariana Reines) ( პოეზია), მაიკლ იოსელი (თავისუფალი და ავტობიოგრაფიული მხატვრული წერა), ხუან ჯულიანა ვანგი (Xuan Juliana Wang ) (მხატვრული წერა და რედაქტირება).
ფაკულტეტის ლექტორები და მონაწილეები წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს. ეს შეხვედრებიც, მსგავსად ლექციებისა და საუბრებისა, ღიაა საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
პროგრამის ფარგლებში, გარდა ინტენსიური სემინარებისა და ლექციებისა, გაიმართება პანელ-დისკუსია სემინარის მასწავლებლებისა და რამდენიმე ქართველი ავტორის ( მწერალი, პოეტი, ლიტერატურის თეორეტიკოსი) მონაწილეობით. პანელ-დისკუსიის თემაა რას ნიშნავს იყო მწერალი ჩრდილოეთ ამერიკაში და საქართველოში.
დეტალური ინფორმაცია სემინარების შესახებ განთავსებულია ბმულზე : www.sumlitsem.org