ერთ-ერთი მმნიშვნელოვანი და კარგად ცნობილი ლიტერატურურული პროგრამა, საზაფხულო ლიტერატურული სემინარები (სლს) 2017 წლის 9 ივლისიდან 22 ივლისამდე თბილისში პირველად გაიმართება.
საზაფხულო ლიტერატურული სემინარები (SLS) მსოფლიოში ცნობილია, როგორც საერთაშორისო ლიტერატურული მეცნიერებების შემსწავლელი კულტურული ორგანიზაცია. იგი 1998 წელს დაარსდა და ამჟამად სამ კონტინენტზე ფუნქციონირებს: ჩრდილოეთ ამერიკა (მონრეალი, კვებეკი, (კანადა), ევროპა (ვილნიუსი, ლიტვა) და აფრიკა (ნაირობი-ლამუ, კენია). პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩრდილო ამერიკელი და საერთაშორისო ავტორების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურული გაერთიანებებისა და წრეების ურთიერთდაახლოებაში ; ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ავტორებსა და ლიტერატორებს ურთიერთანამშრომლობასა და ურთიერთგაგების გაღრმავებაში.
სლს-ის თბილისური პროგრამა იმავე მიზნებს ისახავს , რასაც ზოგადად ემსახურება საზაფხულო ლიტერატურული სემინარები. პროგრამა ხელს შეუწყობს ჩრდილო ამერიკელ და სხვა ქვეყნების მწერლებს შორის კულტურულ გაცვლასა და მეგობრობას. სემინარის მონაწილეები აქტიურად ითანამშრომლებენ ქართველ მწერლებთან და არტისტებთან. სემინარების მთავარი ადგილი მწერალთა სახლია. კვირაში სამჯერ, დილასა და შუადღისას მონაწილეები დაესწრებიან ინტენსიურ სემინარებს. სემინარები ტიპიური მაღალი დონის შემოქმედებითი წერის კურსები იქნება, ინგლისურ ენაზე. ყველა შეხვედრასა და დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.
სემინარებს გაუძღვებიან: იოსიფ ნოვაკოვიჩი (მხატვრული/დოკუმენტური პროზა), არიანა რეინსი ( პოეზია), მაიკლ იოსელი (თავისუფალი და ავტობიოგრაფიული მხატვრული წერა), ხუან ჯულიანა ვანგი (მხატვრული წერა და რედაქტირება).
ლექტორები და მონაწილეები წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს. ეს შეხვედრებიც, მსგავსად ლექციებისა და საუბრებისა, ღიაა საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
პროგრამის ფარგლებში, გარდა ინტენსიური სემინარებისა და ლექციებისა, გაიმართება პანელ-დისკუსია სემინარის მასწავლებლებისა და რამდენიმე ქართველი ავტორის ( მწერალი, პოეტი, ლიტერატურის თეორეტიკოსი) მონაწილეობით. პანელ-დისკუსიის თემაა რას ნიშნავს იყო მწერალი ჩრდილოეთ ამერიკაში და საქართველოში.
დეტალური ინფორმაცია სემინარების შესახებ განთავსებულია ბმულზე : www.sumlitsem.org