26 ივნისი 2017
სარეზიდენციო ოთახები მწერალთა სახლში

პირველად საქართველოში, 2017 წლის 16 ივნისს  მწერალთა სახლის მესამე სართულზე 5 სარეზიდენციო ოთახი საზეიმოდ  გაიხსნა. რეზიდენციების რეაბილიტაცია-აღდგენა სრულად დააფინანსა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთანამშრომლობისა. ამ სიახლით კიდევ უფრო ფართოვდება მწერალთა სახლის საქმიანობის სფერო და სულ მალე იგი საინტერესო სარეზიდენციო პროგრამებს შესთავაზებს უცხოელ ავტორებსა და მთარგმნელებს. სამწერლო რეზიდენციების გახსნით მწერალთა სახლი დანარჩენი მსოფლიოს ლიტერატურული სახლებისა და რეზიდენციების ქსელს შეუერთდება. მწერლები და მთარგმნელები შეძლებენ ამ ულამაზეს სახლში დაბინავებას და ახალი ნაწარმოებების შექმნას.

 

რეზიდენციების არსებობა მეტ საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო ლიტერატურულ ორგანიზაციებთან, რეზიდენციებთან და ლიტერატურულ გაერთიანებებთან კულტურული კავშირების გაფართოებისა და ინტეგრირებისა. ეს არის შანსი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს უცხოელ ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლობებთან,  მოვიწვიოთ ისინი საქართველოში, დავგეგმოთ ლიტერატურული სემინარები, ვორკშოპები და პანელ- დისკუსიები, ჩავერთოთ საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში, წარმოვაჩინოთ ახალი იდეები და პროექტები.

 

რეზიდენციები მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისთვისაც. მწერალთა სახლი შეძლებს საკუთარი სივრცე შესთავაზოს ფესტივალის სტუმარ ავტორებსა და მთარგმნელებს.

 

ამდენად, ვფიქრობთ,  რეზიდენციების მულტიფუნქციური საქმიანობა  დიდი პერსპექტივა იქნება მწერალთა სახლისათვის.

 

ჰოლი

 

სამზარეულო

 

ნიზამი განჯელის (აღმოსავლური) ოთახი

 

ნიზამი განჯელის (აღმოსავლური) ოთახი

 

ალექსანდრე დიუმას (ფრანგული) ოთახი 

 

ბორის პასტერნაკის (რუსული) ოთახი 

 

ჯონ სტაინბეკის (ამერიკული) ოთახი 

 

სასადილო 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor