საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით სსიპ “მწერალთა სახლი” აცხადებს კონკურსს 2 სალიტერატურო ჟურნალის გამოსაცემად
კონკურსის მიზანი:
სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია, დრამატურგია და ა. შ.) ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.
წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• პერიოდულ გამოცემაში თანაბრად უნდა იბეჭდებოდეს ყველა თაობის ქართულენოვანი ავტორების გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები; ასევე დებიუტანტი მწერლებისა და მთარგმნელების ნაწარმოებები.
• წარმოდგენილი უნდა იყოს ლიტერატურული კრიტიკის და ესეისტიკის ნიმუშები;
• ცალკე რუბრიკა უნდა მიეძღვნას მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს;
დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები;
• სასურველია, პროექტის წარმომადგენელ ორგანიზაციას ჰყავდეს თანადამფინანსებელი;
გამარჯვებულს გამოავლენს 7 წევრისგან შემდგარი ჟიური (მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო);
გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.
ხელშეკრულების პირობები:
• გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ მწერალთა სახლი კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან აფორმებს ხელშეკრულებას.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• წერილი მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის ნატალია ლომოურის სახელზე ;
• პროექტის აღწერილობა (2-3 გვ.);
• პროექტის თანდართული მასალები: პერიოდიკის გამოცემის 12 თვიანი გეგმა (ნომრების რაოდენობის, ფორმატის, მოცულობის, რუბრიკების, ტირაჟის, ნომრის თვითღირებულების და საცალო ფასის, რეალიზაციის სტატისტიკის მითითებით) (3-4 გვ.);
• პროექტის 12 თვიანი დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
• პერიოდული გამოცემის ნიმუშის მაკეტი;
• ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
• სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა;
• თანადაფინანსების შემთხვევაში კონკურსანტმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის ორიგინალი.
საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა:
• განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური (1 ეგზემპლარი), ასევე ელექტრონული სახით (CD);
• საბუთების მიღება იწარმოებს მწერალთა სახლში 2016 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 12 იანვრის ჩათვლით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 13. ტელ. : +995 32 297 41-01/297 41-02 ;
საკონკურსო განაცხადების მწერალთა სახლში წარდგენა უნდა მოხდეს გამოცხადებული ვადების დაცვით. საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება;
• კონკურსის დამთავრების შემდეგ მწერალთა სახლში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
ლიტერატურული ჟურნალების ბიუჯეტი:
პირველი ადგილი - 75.000 ლარი
მეორე ადგილი - 65.000 ლარი