„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ ერთობლივი პროექტი „ჩვენი თავგადასავალი“ დასრულდა. 1 ოქტომბერს კონკურსის მონაწილეები, ორგანიზატორები და სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, წინანდალში შეიკრიბნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი, აფიშა და „ლიტერატურული გაზეთის“ ბოლო სამი ნომერი, რის შემდეგაც ჟიურის წევრებმა თავ-თავიანთი რჩეულები გამოავლინეს. თეონა დოლენჯაშვილის რჩეულებს შორის აღმოჩდნენ ლიზი ბუდაღაშვილი (მოთხრობა „ჟანა“, თბილისი) და ლელა თოთაძე (მოთხრობა „სახელსაც რომ ვერ დაარქმევ“, თბილისი). გიორგი ლობჟანიძემ სამი რჩეული დაასახელა - თემურ ზოიძე (მოთხრობა „ზუ“, ხულო), მაგდა საგინაშვილი (მოთხრობა „ჩემი ქალაქის ალექსანდრო“, საგარეჯო) და გაგა გულიაშვილი (მოთხრობა „საყურე“, რუსთავი). სამივე მათგანს გიორგიმ სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა კავკასიური სახლის ჟურნალ „აფრაში“. ირაკლი ჯავახაძის რჩეულები აღმოჩდნენ ლიზი ბუდაღაშვილი („ჟანა“) და თამთა გვენცაძე („ჩემი თავგადასავალი“, თბილისი), რომელთა მოთხრობებიც „ლიტერატურული გაზეთის“ 17 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდება და პირველ ჰონორარსაც მიიღებენ. კონკურსის პარტნიორ, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორმა თინა მამულაშვილმაც დაასახელა თავისი რჩეულები - თემურ ზოიძესა და მაგდა საგინაშვილს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნები გადაეცათ, მათ შორის, აკა მორჩილაძის ავტოგრაფით, ხოლო განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა ლიზი ბუდაღაშვილს, რომელსაც წიგნებთან ერთად 70 ლარიანი ვაუჩერიც ერგო. ხოლო კონკურსის სპონსორმა „ელიტ ფუდმა“, რომელმაც საჩუქრები ჟიურის წევრებსაც გადასცა, თავის რჩეულად დაასახელა აიტაჩ მამედოვა (მოთხრობა „ყვითელი... ოქროსფერი ფოთლები“, გარდაბანი). ლიტერატურის მოყვარულებს ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედების გაცნობა უკვე იმ წიგნით შეეძლებათ, რომელიც წლის ბოლოს გამოიცემა.
წინანდალის შემდეგ ლიტერატურული კონკურსის მონაწილე ბავშვები მწერალთა სახლს ესტუმრნენ, სადაც მათ დრამატურგი და ლიტერატურული კონკურსის "საბას" წლევანდელი გამარჯვებული დათო გაბუნია დახვდა და მოკლე ექსკურსი გაუწია. მასპინძელმა ახალგაზრდებს შენობის ისტორია გააცნო, იქ მოღვაწე ქართველი მწერლების შესახებ მოუთხრო, დაათვალიერებინა ინტერიერი და შენობაში დღემდე შემორჩენილი ისტორიული ღირებულებების მქონე ნივთები, რომლებსაც ამ ეტაპზე რესტავრირება უტარდებათ. აგრეთვე ვრცლად ისაუბრა გამოჩენილი ქველმოქმედის დავით სარაჯიშვილის შესახებ და სტუმრებს წიგნიც გადასცა, რომელიც მკითხველს დიდი მეცენატის შესახებ მოუთხრობს. დასკვნით ეტაპზე კონკურსის ერთ–ერთმა ჟიურის წევრმა თეონა დოლენჯაშვილმა მოზარდებს სამუშაო შეხვედრა მოუწყო და პატარა ლიტერტორებთან ერთად წინანდალში შექმნილი ნამუშევრები კიდევ ერთხელ შეაფასა.