26 ოქტომბერი 2016
​ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია - პრესკონფერენცია მწერალთა სახლში

მწერალთა სახლმა და გამომცემლობა "დიოგენემ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაარსეს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ პოეზიის მთარგმნლებს.  

 

26 ოქტომბერს, მწერალთა სახლში  გაიმართა პრესკონფერენცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა, მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა და გამომცემლობა "დიოგენეს" ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ ისაუბრეს ახალდაარსებული პრემიის შესახებ.


ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია ორი მიმართულებით გაიცემა: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი. შესაბამისად, საკონკურსოდ განიხილება 2015 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის შემთხვევაში - 1800 ლარი, ხოლო პუბლიკაციის შემთხვევაში - 700 ლარია.

საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე;
წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება მხოლოდ გამომცემელს შეუძლია;
თითოეულმა გამომცემელმა შეიძლება წარადგინოს არაუმეტეს 5 წიგნისა; თითოეული ჟურნალის/გაზეთის გამომცემელმა - არაუმეტეს 10 პუბლიკაციისა;


საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. N13) 5 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე. 
ფინალისტების მოკლე ნუსხას მედიასა და საზოგადოებას მწერალთა სახლი და გამომცემლობა "დიოგენე" 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში წარუდგენს. 
გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით, ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია;
ჟიურის წევრებს შეარჩევენ მწერალთა სახლი და გამომცემლობა "დიოგენე";
გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით;
ჟიურის უფლება აქვს, გამონაკლისის სახით გაყოს პრემია ერთ ან ორივე ნომინაციაში - ამ შემთხვევაში გაიყოფა საპრემიო თანხაც.

ფოტო: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor