09 ოქტომბერი 2016
მწერალთა სახლის საგანმანათლებლო პროგრამა შიდა ქართლის სკოლებისათვის

მწერალთა სახლი საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მწერალთა სახლის საგანმანათლებლო პროგრამა შიდა ქართლის სკოლებისათვის“, რომელის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები) ჩართულობას მწერალთა სახლის კულტურულ ცხოვრებაში და გაზარდოს კულტურის სფეროში არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა, როგორც დედაქალაქში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
 
პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ მოსწავლეები ესტუმრებიან დედაქალაქს, არამედ, მწერლები და აქტივისტები ჩავლენ შიდა ქართლის სოფლებში და მოსწავლეებს ესაუბრებიან მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე, გაიმართება ვორქშოფები და სემინარები. პროექტის დასასრულს მომზადდება პუბლიკაცია, სადაც თავმოყრილი იქნება ახალგაზრდული ჩანაწერები. პროექტის კოორდინატორია საბავშვო პოეტი ვასო გულეური. 
 
2016 წლის 9 ოქტომბერს, კვირას, მწერალთა სახლს  ეწვივნენ გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისის სკოლის მოსწავლეები. უფროსკლასელებს მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა უამბო დავით სარაჯიშვილის სახლის ისტორია და დაათვალიერებინა შენობა, შემდეგ მწერალთა სახლის ეზოში გაიმართა  შეხვედრა მწერალსა და დრამატურგ ლაშა ბუღაძესთან. ლაშა ბუღაძე მოსწავლეებს ესაუბრა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, უპასუხა მათ შეკითხვებს. 
 
მოგვიანებით მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს.
 
 
 
 
 
 
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor