14 თებერვალი 2016
აკადემიკოსი, მწერალი და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი,ფილოსოფოსი და მთარგმნელი, აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე.  

ბაჩანა ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 11 თებერვალს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბლეზ პასკალი“, 1996 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „პლატონის ნატურფილოსოფია“. მთარგმნელობოთი და სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, სხვადასხვა დროს, კითხულობდა ლექციებს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 2013 წელს ბაჩანა ბრეგვაძე საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

ბაჩანა ბრეგვაძეს გამოქვეყნებული ჰქონდა საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული.

ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. ძირითადი შრომების გარდა გამოაქვეყნა 70-მდე ნაშრომი: პლატონის, დანტეს, არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰერაკლიტე ეფესელის, მარკუს ტულიუს ციცერონის, ჯეიმზ დარმსტეტერის, ანატოლ ფრანსის, ლაროშფუკოს, ლუიჯი პირანდელოს, მიშელ მონტენის, ანრი ბერგსონის, ნიკოლოზ ლოსკის, ლაბრიუიერის, ალბერტ შტეკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, სვამი ვივეკანანდას, მორის რეინალის, შარლ დილის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ემილ ჟებარის, პიერ ტეიარ დე შარდენის, ვერნერ ჰაიზენბერგის თხზულებათა თარგმანები, იტალიური და ესპანური ზღაპრების თარგმანები, წერილები, ესსეები, ლიტერატურის და ესთეტიკის საკითხებზე.

დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005 წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor