ბორის პასტერნაკის 125-ე წლისთავის აღასანიშნავად 27 თებერვალს მწერალთა სახლში გაიხსნა გამოფენა "ბორის პასტერნაკი: საქართველო - "დამცავი სიგელი", სადაც წარმოდგენილ მასალებში (პირადი წერილები, დეპეშები, ფოტოები) ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა დიდი რუსი პოეტისთვის საქართველოს, როგორ მეგობრობდა ქართველ პოეტებთან და რამდენი რამ გააკეთა ქართული პოეზიისთვის, როგორც მისმა მთარგმნელმა და პოპულარიზატორმა.
გამოფენის შემდეგ გაიმართა ცნობილი რუსი მწერლის ლიუდმილა ულიცკაიას ლექცია ბორის პასტერნაკის შესახებ. საღამო გახსნა მწერალთა სახლის დირქტორმა ნატალია ლომოურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელბა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბორის პასტერნაკის შესახებ ისაუბრა მისმა ქართულად მთარგმნელმა ლანა ღოღობერიძემ. ლიუდმილა უცლიცკაიამ აღნიშნა, "დღეს ამ დარბაზში, ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვხვდებით, რომ აქ არავის სჭირდება ჩემგან იმის შეხსენება, რაც ყველაზე კარგად გულმა უწყის: უხილავი კავშირი, მუსიკის, პოეზიის გავლით რომ მყარდება და ნებისმიერ შემხვედრში ადამის ძეს და ადამის ასულს რომ ამოგვაცნობინებს... პასტერნაკმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და ამ ცოდნის რაღაც ნაწილი ჩვენც გაგვიზიარა".
ლექციის შემდეგ გაიმართა პოეზიის საღამო - ლიუდმილა ულიცკაიამ და ლანა ღოღობერიძემ წაიკითხეს ბორის პასტერნაკის ლექსები.
გამოფენის და ლექციის ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფოტოგალერეაში.