20 თებერვალს, საქართველოს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ ორი ლიტერატურული და ერთი საბავშვო ჟურნალის კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა.
1 წლის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჟურნალებს - „არილს“, „ახალ საუნჯეს“ და „დილას“ დააფინანსებს.
კონკურსი 2 სალიტერატურო და ერთი საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად 24 იანვარს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ ყველა იურიდიულ პირს. კონკურსის პირობები და საკონკურსოდ წარსადგენი დოკუმენტაცია განთავსებული იყო სამინისტროს ვებ-გვერდზე www.culture.gov.ge და საქართველოს მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე www.writershouse.ge.
კონკურსის მიზანია სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ასევე საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.