„მწერალთა სახლი“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებენ გაცვლით სარეზიდენციო პროგრამას ლვოვსა და თბილისში.
იწყება ქართველი ავტორების განაცხადების მიღებას თბილისისა და ლვოვის გაცვლით სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისათვის.
პროგრამის ფარგლებში, ერთი უკრაინელი ავტორი იცხოვრებს და იმუშავებს მწერალთა სახლის რეზიდენციაში, ქართველი ავტორი კი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში გაემგზავრება.
ქართველი რეზიდენტი ავტორი ასევე დაესწრება საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ „ლვოვის წიგნის ფორუმს“, რომელიც 15-19 სექტემბერს გაიმართება.
გაცვლით სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შემოტანა შეუძლია ავტორს, რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი. აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე (A2) ცოდნა.
კონკურსში მიიღება განაცხადები ნებისმიერი ჟანრის მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტზე სამუშაოდ. ფესტივალის თემატიკიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭებათ ავტორებს, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებზე მუშაობას აპირებენ („ლვოვის წიგნის ფორუმის“ 2021 წლის პროგრამა ეძღვნება ფანტასტი მწერლის, სტანისლავ ლემის 100 წლის იუბილეს).
ავტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია: სამწერლო გამოცდილება, ტექსტის ხარისხი და სამოტივაციო წერილით იმის დასაბუთება, თუ რის მიღწევაში დაეხმარება ავტორს სარეზიდენციო პერიოდი.
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
CV (ან მოკლე ბიოგრაფია) გამოქვეყნებული წიგნებისა თუ სხვა ნაშრომების მითითებით;
სამოტივაციო წერილი და იმ ნაწარმოების ვრცელი სინოფსისი (ან/და ნაწყვეტი), რომელზე სამუშაოდაც სარეზიდენციო პერიოდს გამოიყენებს.
პროგრამისთვის შეირჩევა მხოლოდ ერთი ავტორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 3 აგვისტოს 18 საათი.
კონკურსის მონაწილეებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@tbilisiwbc.ge (არასრული განაცხადები არ განიხილება). გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითეთ სარეზიდენციო პროგრამის დასახელება.
გამარჯვებული 14 აგვისტოს გამოცხადდება.
სარეზიდენციო პროგრამა მოიცავს 14 დღეს და განხორციელდება მიმდინარე წლის 1-20 სექტემბრის პერიოდში.
პროგრამა ხორციელდება „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ლვოვის ქალაქის საბჭო და „ლვოვი - იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი“.