15 ივნისი 2021
ონლაინ ფესტივალი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა - 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება.“ გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის



24-27 ივნისს მწერალთა სახლი ბერლინის ლიტერატურის სახლთან  Lettrétage თანამშრომლობითა და UNESCO-ს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ხელშეწყობით ატარებს გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს „საქართველოს პირველი რესპუბლიკა - 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“.

 

ლიტერატურული ფესტივალი ეძღვნება  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში მიმდინარე ლიტერატურულ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებს, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, 1921 წლის რუსული ოკუპაციიდან 100 და საქართველოს დამოუკიდებლობის  ხელახლა მოპოვებიდან 30 წლისთავს. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ქართველი და გერმანელი მწერლები, გამომცემლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები, ლიტერატურის კრიტიკოსები, მეცნიერები, ჟურნალისტები და შეფ-მზარეულები. ფესტივალის ღონისძიებები მიეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და კულტურულ ცხოვრებას, ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობას და ჩვენი ქვეყნის ადგილს მსოფლიო პოლიტიკურ კონტექსტში. სტალინური რეპრესიების მემკვიდრეობა, საბჭოთა ეპოქა, ცენზურა, ბოლო 30 წლის კულტურული პროცესები, ორ-საუკუნოვანი ქართულ-გერმანული ურთიერთობები, სოციალიზმი ლიტერატურასა და პოლიტიკაში, ქართული ავანგარდი და გერმანიაში გამოცემული ახალი თარგმანები - იქნება ფესტივალის დისკუსიების მთავარი თემა.

 

მწერალთა სახლი ამ ფესტივალით ასევე პატივს მიაგებს და გაიხსენებს ბოლო დროს გარდაცვლილ სამ მწერალს: გივი მარგველაშვილს, გურამ დოჩანაშვილს და ზურაბ რთველიაშვილს.

 

ონლაინფესტივალის ფარგლებში გერმანულენოვანი მკითხველისთვის 4 დღის მანძილზე 20 ღონისძიება გაიმართება, რომელთა მონაწილეებიც არიან: აკა მორჩილაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, აბო იაშაღაშვილი, სალომე ბენიძე, ნაირა გელაშვილი, ასევე გერმანიაში მოღვაწე მსახიობი მერაბ ნინიძე და ჰამბურგში მცხოვრები მუსიკოსი გიორგი კიკნაძე.

 

ქართველ მონაწილეებს მოდერაციას გაუწევენ წამყვანი გერმანული მედია-გამოცემების ჟურნალისტები და ლიტ. კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი (FAZ), დორის აკრაპი (taz), კორნელია ცეჩე (Beyerischer Rundfunk) და ა.შ. პროგრამის სპეციალური სტუმარია ცნობილი და აღიარებული გერმანელი მსახიობი - ულრიხ ნოეთენი.

 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1918-1921 - ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“ ერთგვარი გაგრძელებაა მწერალთა სახლის და British Library-ს ერთობლივი ფესტივალისა - “Georgia’s Fantastic Tavern“, რომელიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა. ფესტივალს მრავალი მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰქონდა ბრიტანულ და ამერიკულ მედიაში. პროგრამის მსვლელობისას ვებგვერდს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 80 000 ვიზიტორი ჰყავდა.

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: კონრად ადენაუერის ფონდი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ღონისძიებების ლაივ ტრანსლაცია განხორციელდება Lettrétage-ის ონლაინ პლატფორმებზე.

 

 სრული პროგრამა იხილეთ აქ

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor