დასრულდა საკონკურსო ვიდეოების მიღება მწერალთა სახლის პროექტისთვის „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“.
ძალიან სასიხარულოა, რომ ამ პროექტში, რომელიც წელს მეორედ ტარდება, სულ უფრო მეტი ბავშვი მონაწილეობს და თანატოლებს უზიარებენ მათ საყვარელ ნაწარმოებებს, ურჩევენ, რა წიგნები წაიკითხონ და რატომ.
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეა. ბავშვთა უფლებებს შორის განათლების მიღების უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. არაფორმალური განათლების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი სწორედ წიგნებია.
წელს საკონკურსოდ ორასამდე ვიდეორჩევა მივიღეთ. ზოგიერთი ვიდეო არ აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობას, არ იყო დასახელებული მოსწავლის ვინაობა, ვიდეოჩანაწერის ქრონომეტრაჟი 90 წამზე მეტი იყო ან არ იყო კონკრეტული წიგნის შესახებ, ამიტომ, სამწუხაროდ, ასეთი ვიდეორჩევები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
დღეს დავიწყებთ ვიდეოების ატვირთვას მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე. რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა ვიდეო აიტვირთება და საშუალება გექნებათ, მოუსმინოთ თქვენს თანატოლებს, შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო წიგნები, რომლებსაც ზაფხულში წაიკითხავთ.
გთხოვთ, ხმა მისცეთ თქვენთვის საინტერესო ვიდეორჩევებს. თქვენი ხმების მიხედვით სექტემბერში გამოვავლენთ გამარჯვებულებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ გატარებას საინტერესო წიგნებთან ერთად!