23 აპრილი 2021
თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ერთი წლით გადმოიბარა

წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა. თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტი 23 აპრილს, „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გაიხსნა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წიგნის დედაქალაქის სტატუსი კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადმოიბარა.


World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

მწერალთა სახლი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მთავარიპარტნიორია და მთელი წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასთან რამდენიმე ინიციატივით ითანამშრომლებს:

• რეპრესირებული მწერლების მუზეუმი
• თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
• ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი
• მწერალთა რეზიდენციები


„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში მწერალთა სახლის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 6-9 ივლისს გაიმართება რიგით მე-11 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი, რომლის ფარგლებშიც თბილისს ეწვევა მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის 10-მდე ფრანგულენოვანი გამომცემელი. ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, მისი თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა. სპეციალურად შემუშავებული ოთხ დღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ქართული წიგნის ბაზარს, სექტორში მიმდინარე მოვლენებს, შეხვდებიან ქართველ გამომცემლებსა და ავტორებს.


ამ ერთი წლის განმავლობაში მწერალთა სახლი და "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", სპეციალურად პროექტის ფარგლებში უმასპინძლებენ სხვადასხვა ტიპის სარეზიდენციო პროგრამებს:

• გაცვლითი პროგრამები უცხოურ მწერალთა რეზიდენციებთან და ფესტივალებთან ;
• სარეზიდენციო პროგრამა ახალგაზრდა მწერლებისთვის;

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უკვე დაგეგმილია თანამშრომლობა ორ რეზიდენციასთან: სამწერლო რეზიდენცია ლა კორუნაში, ესპანეთში. ასევე, რეზიდენცია და ლიტერატურულ ფესტივალ Folio-ში მონაწილეობა პორტუგალიაში, ქალაქ ობიდოშში . ობიდოშს მინიჭებული აქვს "იუნესკოს ლიტერატურის შემოქმედებითი ქალაქის" სტატუსი. ობიდოშის რეზიდენციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი ავტორი დაესწრება ლიტერატურულ ფესტივალს Folio, ხოლო პორტუგალიელი ავტორი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმარი იქნება.

მწერალთა სახლი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“ ერთად მხარს დაუჭერს ქართველი ავტორის
გამგზავრებას, რეზიდენციაში ცხოვრებას და მუშაობას, სანაცვლოდ კი უმასპინძლებს ორ ავტორს პორტუგალიიდან და ესპანეთიდან.


2021 წელს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი - TIFL ითანამშრომლებენ და სექტემბრის ბოლოს, საინტერესო პროგრამას შესთავაზებენ წიგნების
მოყვარულებს და უმასპინძლებენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ავტორებს.


2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი მწერალთა სახლში გაიხსნება რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი. რომლის მიზანია შეისწავლოს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, 1920-იან წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ მწერლებზე არსებული ინფორმაცია. პროექტი ხორციელდება საბჭოთა კვლევის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით.


World Book Capital - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.


იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ხორციელდება თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.




მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor