მწერალთა სახლი აგრძელებს პროექტს „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“, რომელიც პირველად შარშან განხორციელდა და დიდი გამოხმაურება და მოწონება ჰქონდა მოსწავლეების მხრიდან. პროექტის მიზანია, მოზარდებმა თავად შეარჩიონ და ურჩიონ თანატოლებს, რა წიგნები წაიკითხონ ზაფხულში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების VI-IX კლასების მოსწავლეებს.
პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო (ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 90 წმ), სადაც რეკომენდაციას გაუწევენ ერთ კონკრეტულ წიგნს და რამდენიმე წინადადებაში ჩამოაყალიბებენ თავის მოსაზრებას, რატომ ურჩევენ თანატოლებს ამ წიგნის წაკითხვას.
ვიდეოს დასაწყისში აუცილებელია, დაასახელოთ საკუთარი სახელი, გვარი, სკოლა, წიგნის ავტორი და წიგნის სათაური. არასრულად ჩაწერილი ვიდეოები არ განიხილება!
ვიდეორჩევების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე. ამის შემდეგ ვიდეოები განთავსდება მწერალთა სახლის ფეისბუქ-გვერდზე და შედგება ზაფხულში წასაკითხი წიგნების ერთგვარი კატალოგი. ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებმა მოცემული სიიდან უნდა აირჩიონ და წაიკითხონ წიგნები. სექტემბერში გამოცხადდება მეორე ეტაპი - მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ რჩევები და სპეციალურ გამოკითხვაში მიუთითონ, თუ რომელი წიგნები წაიკითხეს და გაამართლა თუ არა რჩევამ.
ხმების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებულები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემათ შესაბამისად 500, 300 და 200 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერები, ასევე გაიცემა სამი წამახალისებელი პრიზი 100 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერის სახით.
კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობის მსურველებმა ვიდეო-ფაილები უნდა გამოგზავნონ wetransfer.com-ის საშუალებით მიმდინარე წლის 31 მაისამდე მისამართზე: contest@writershouse.ge
გისურვებთ წარმატებებს!