29 ოქტომბერი 2020
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ციფრულად დაიწყო

29 ოქტომბერს მწერალთა სახლმა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ციფრულად დაიწყო. ფესტივალი ციფრულად საზოგადოებას ვიდეოდისკუსიების ფორმატით წარუდგენს თბილისის მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის რამდენიმე მონაწილეს.

პირველი ვიდეოდისკუსიის სტუმარი იყო ჰაიკე ფიდლერი - მწერალი, პოეტი და ბგერით-გამომსახველი ხელოვანი შვეიცარიიდან, თემით „ლექსი, ელექტროაკუსტიკა, პერფორმანსი“. შეხვედრის მოდერატორი - მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე.


2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მწერალთა სახლი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ციფრულ ფორმატში წარმოგიდგენთ შემდეგ ვიდეოდისკუსიებს:

• ბელარუსი პოეტი იულია ტიმოფეევა. დისკუსიის მოდერატორი - პაატა შამუგია. თემა: ავტორის პოეტური შემოქმედება, აქტივიზმი და თანამედროვე ლიტერატურა ბელარუსში.

• არგენტინელი მწერალი არიანა ჰარვიცი. დისკუსიის მოდერატორი - ნინო ფიფია. თემა: ავტორის შემოქმედების მთავარი თემების მიმოხილვა, რომანი „მოკვდი სიყვარულო”. (წიგნი ქართულად თარგმნა თამარ ლეჟავამ).

• ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი ბლეიკ კრაუჩი. დისკუსიის მოდერატორი - ზაზა კოშკაძე. თემა: მსოფლიოს ამჟამინდელი რეალობა და ლიტერატურის პასუხი მასზე - სამეცნიერო ფანტასტიკა; მწერლის რომანი „ბნელი მატერია“ (წიგნი ქართულად თარგმნა ალექსი სიუკაევმა).

• დისკუსია „პოეზია ახლა“ ამერიკელი პოეტების: მაიკლ პალმერის და ჩარლზ ბერნსტაინის მონაწილეობით. მოდერატორი: პაატა შამუგია. თემა: 2018-2019 წლების თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების რეტროსპექტივა; პოეზიის აქტუალობა დღეს, პანდემიის და 2020 წლის ნობელის პრემიის პარალელურად.

 

TIFL Digital - ფესტივალი ციფრულად გულისხმობს:

  • საფესტივალო ვიდეო არქივის შექმნა;
  • მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე ავტორების წინასწარ წარდგენა;
  • 2015-2019 წლების ფესტივალების რეტროსპექტივა.

ვიდეოები ქართული სუბტიტრებით ყოველკვირეულად გამოქვეყნდება ფესტივალისა და მწერალთა სახლის ონლაინ არხებზე: facebook, youtube.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ქვეყნის ლიტერატურული პროცესების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული ღონისძიებაა.

ციფრული ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor