წელს იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო წელია - 27 ოქტომბერს მისი დაბადებიდან 180 წელი სრულდება.
მის მემკვიდრეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემაა „ბუნების კარი“. სწორედ ამიტომ, მწერალთა სახლს სურს, სკოლის მოსწავლეებს შესთავაზოს ახალი პროექტი - „იაკობის „ბუნების კარი“ დღეს“.
როგორც იცით, „ბუნების კარი“ პირველად 1868 წელს გამოიცა. ეს იყო იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი პირველი საკლასო საკითხავი წიგნი ქართულ ენაზე. წიგნი შემდეგ კვლავ არაერთხელ გამოიცა, შევსებული და გადამუშავებული, რადგან იაკობი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წიგნის სრულყოფას. მის მიერ საბოლოოდ შევსებული და გადამუშავებული ოცდამეერთე გამოცემა 1912 წელს დაიბეჭდა.
პროექტის მიზანია საქართველოს სკოლების III-VI კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზონ „ბუნების კარის“ განახლებული, საკუთარი ვერსია - მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, რა მასალას და თემებს შეიტანდნენ თანამედროვე რედაქტირებულ „ბუნების კარში“.
სწორედ ამაზე იმუშავებენ მწერალთა სახლში ბავშვები.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სკოლების III-VI კლასის მოსწავლეებს. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და არაუგვიანეს 28 სექტემბრისა გამოგზავნონ მისამართზე vguleuri@writershouse.ge .
მონაწილეები შეირჩევიან მათ მიერ შევსებული განაცხადის ფორმის მიხედვით. უპირატესობა მიენიჭება მათ მიერ შემოთავაზებული თემების მრავალფეროვნებას და საინტერესო იდეებს.
შერჩეული მონაწილეები შეიკრიბებიან 3 ოქტომბერს მწერალთა სახლში, სადაც მათ კიდევ ერთხელ უამბობენ იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ შესახებ.
ძირითადი ნაწილი დაეთმობა „ბუნების კარის“ თანამედროვე, ხელნაკეთი წიგნის შექმნას - გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობით მონაწილენი შექმნიან ხელნაკეთ წიგნს. მათი ამოცანა იქნება მოიფიქრონ ის მასალა და თემები, (სათაური და მოკლე აღწერა), რაც მათი აზრით შევიდოდა დღეს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ ახალ გამოცემაში.