11 სექტემბერი 2020
ზუგდიდი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ F5-ს მესამედ უმასპინძლებს

19-20 სექტემბერს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 მესამედ გაიმართება.

F5-ის ტრადიციულ ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამას  წელს  პირველად  თანამედროვე ქართული დოკუმენტური ფილმების პროგრამა დაემატება, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ლიტერატურული პროგრამის მონაწილეები იქნებიან:  ზურაბ ქარუმიძე,  თამთა მელაშვილი, დათო ბარბაქაძე, შალვა ბაკურაძე, ცოტნე ცხვედიანი, ქეთი ქანთარია, ანი კოპალინი.

ფესტივალზე გაიმართება ამირან დოლიძისა და ირინა ჟორდანიას ფილმების ჩვენება და განხილვა.

საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან შოთა ადამაშვილი და ჯგუფი „წერილი“.

ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“  2018 წლიდან ტარდება და ფესტივალის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.

ფესტივალის ორგანიზატორები: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

2020 წლიდან ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა. თბილისის საერთაშორისო ლიტერატული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ქვეყნის ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული ღონისძიებაა. 2020 წელს პანდემიის გამო ფესტივალის ჩატარება შეუძლებელი გახდა, ამიტომ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ერთი ნაწილი ქართველი ავტორების და მთარგმნელების მონაწილეობით რეგიონალურ მასშტაბს შეიძენს და ზუგდიდში, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე გადაინაცვლებს.

 

ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი მხარდამჭერები არიან გამომცემლობა ინტელექტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (GNFC) და  სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO).

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor