29 ივნისი 2020
30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რიგით მე-10 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება

 

2020 წლის 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, მწერალთა სახლის ორგანიზებით, უცხოელი გამომცემლების და ლიტერატურული აგენტების მონაწილეობით, რიგით მე-10 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება.


ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მწერალთა სახლი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ფორუმი წელს,პირველად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.


ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, მისი თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა. 2011-2019 წლებში ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 140-ზე მეტ უცხოელ წარმომადგენელს უმასპინძლა. 


ქართული მწერლობით საერთაშორისო საგამომცემლო სექტორის ყურადღების მიპყრობის მიზნით, მწერალთა სახლს, ფორუმის ფარგლებში, შემუშავებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის:

  • ქართული საგამომცემლო სექტორის წარდგენა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ქართველი და უცხოელი გამომცემლების დაკავშირება;
  • მწერალთა სახლის სტრატეგიის და სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამის წარდგენა;
  • ქართველი ავტორების გაცნობა;
  • უცხოელი გამომცემლებისა და ექსპერტების მიერ საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის მიღწევების, პერსპექტივების და გამოწვევების მიმოხილვა;
  • საბავშვო ლიტერატურის გაცნობა ქართველი ილუსტრატორების, ავტორებისა და უცხოელი კურატორების ჩართულობით;
  • მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა;
  • ლიტერატურულ-კულინარიული მასტერკლასი და სხვ.


ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე.


პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის აქტიური მხარდაჭერით.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor