01 ივნისი 2020
ფესტივალ „ინსომნია “ 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

 

8-14 ივნისს მწერალთა სახლი ჟანრული ლიტერატურის ფესტივალ ინსომნიას საკუთარ კედლებში უმასპინძლებს. პირველი ქართული ჟანრული ფესტივალის ფინალისტები არიან: 

  • თეი საჩალელი 

  • ნინო ჭინჭარაული

  • თენგიზ თადუმაძე

  • სიდონია ტურაშვილი

  • კოკა ჭანკოტაძე 

  • ელენე მესხი 

  • ანუკი შატაკიშვილი 

 

გამარჯვებული შვიდეული  ერთი კვირის განმავლობაში თითო ღამეს, სრულ 12 საათს გაატარებს მწერალთა სახლის შენობაში და თითოეული მათგანი შექმნის ნაწარმოებს სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში.

 

გამარჯვებული კონკურსანტების მიერ მწერალთა სახლში შექმნილ ნაწარმოებებს ერთ კრებულად გამოსცემს სულაკაურის გამომცემლობა. გამარჯვებულებს მწერალთა სახლისგან გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები წიგნის მაღაზიის ვაუჩერების სახით. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ტექსტების კრებულის პრეზენტაცია.

 

ფესტივალის მიზანია თანამედროვე ჟანრული ლიტერატურის განვითარების წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის გააქტიურებას; ქართული ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასა და პოპულარიზებას. 

 

პროექტის იდეა მწერალ ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. მწერლის ავტორობითა და ორგანიზებით სხვადასხვა საგამომცემლო სახლთან თანამშრომლობის შედეგად ფესტივალი 2013 წლიდან იმართება. 2020 წელს ფესტივალი პირველად ჩატარდება მწერალთა სახლის ორგანიზებით.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor