2020 წლის 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, მწერალთა სახლის ორგანიზებით, უცხოელი გამომცემლების და ლიტერატურული აგენტების მონაწილეობით, რიგით მე-10 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მწერალთა სახლი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ფორუმი წელს, პირველად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, მისი თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა.
2011-2019 წლებში ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 140-ზე მეტ უცხოელ წარმომადგენელს უმასპინძლა.
ქართული მწერლობით საერთაშორისო საგამომცემლო სექტორის ყურადღების მიპყრობის მიზნით, მწერალთა სახლს, ფორუმის ფარგლებში, შემუშავებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის:
- ქართული საგამომცემლო სექტორის წარდგენა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ქართველი და უცხოელი გამომცემლების დაკავშირება;
- მწერალთა სახლის სტრატეგიის და სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამის წარდგენა;
- ქართველი ავტორების გაცნობა;
- უცხოელი გამომცემლებისა და ექსპერტების მიერ საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის მიღწევების, პერსპექტივების და გამოწვევების მიმოხილვა;
- საბავშვო ლიტერატურის გაცნობა ქართველი ილუსტრატორებისა და უცხოელი კურატორების ჩართულობით;
- მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა;
- ლიტერატურულ-კულინარიული მასტერკლასები და სხვ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის აქტიური მხარდაჭერით.
ფორუმში მონაწილეობის მიღების მსურველი უცხოელი გამომცემლებისთვის სარეგისტრაციო ფორმა განთავსებულია მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე: http://writershouse.ge/geo/new/1482/