05 მაისი 2020
ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“ 2020

 

აპოკალიფსური მოლოდინებით სავსე 2020 წელს მწერალთა სახლი ყველაზე იზოლირებულ და საშიშ ფესტივალს ,,ინსომნიას“ საკუთარ კედლებში უმასპინძლებს!

 

თუ თავში მომავლის სამყაროები და საშიში სიუჟეტები გიტრიალებს და თუ მიგაჩნია, რომ წერაც გეხერხება, გამოგვიგზავნე შენი ფობიოგრაფია (3-5 გვერდი, სადაც მოგვიყვები საკუთარ შიშებზე) და გახდი პირველი ქართული ჟანრული ფესტივალის ფინალისტი.

 

განაცხადებებიდან შეირჩევა 7 გამარჯვებული, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში თითო ღამეს, სრულ 12 საათს გაატარებენ მწერალთა სახლის შენობაში და შექმნიან ნაწარმოებს სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა  ჟანრში.  გამარჯვებულ შვიდეულს შეარჩევს ფესტივალ „ინსომნიის“ ჟიური, რომლის წევრებიც არიან მწერალი ნატო დავითაშვილი, მთარგმნელი ნიკა სამუშია და მწერალი ალეკო შუღლაძე. 

 

გამარჯვებული კონკურსანტების მიერ მწერალთა სახლში შექმნილ ნაწარმოებებს ერთ კრებულად გამოსცემს სულაკაურის გამომცემლობა. გამარჯვებულებს მწერალთა სახლისგან გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები წიგნის მაღაზიის ვაუჩერების სახით. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება  ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ტექსტების კრებულის პრეზენტაცია.

 

ფესტივალის მიზანია თანამედროვე ჟანრული ლიტერატურის განვითარების წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის გააქტიურებას; ქართული ფენტეზისა და  სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასა და პოპულარიზებას.

 

პროექტის იდეა მწერალ ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. მწერლის ავტორობითა და ორგანიზებით სხვადასხვა საგამომცემლო სახლთან თანამშრომლობის შედეგად  ფესტივალი  2013 წლიდან   იმართება. 2020 წელს ფესტივალი  პირველად ჩატარდება  მწერალთა სახლის ორგანიზებით.

 

მონაწილეები მწერალთა სახლში გამოიკეტებიან 8-14 ივნისს.

 

პროექტის მხარდამჭერია სულაკაურის გამომცემლობა.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა ფობიოგრაფიები  და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. მისამართზე: 
fest.insomnia@gmail.com, განაცხადების მიღება სრულდება 22 მაისს 23:00 საათზე.


დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ facebook გვერდზე: ინსომნია.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor