01 მარტი 2020
საქართველო წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე

 

მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის მარტში, საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის (10-12 მარტი), ლაიფციგსა (12-15 მარტი) და პარიზის(20-23 მარტი) წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე ეროვნული სტენდებით წარსდგება.


2020 წლის 20-23 მარტს პარიზის წიგნის ბაზრობაზე (Salon du Livre) საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგება. პარიზის წიგნის ბაზრობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის წიგნის ბაზრობებს შორის. ყოველწლიურად 3000-მდე ავტორი ხვდება მკითხველს და წარადგენს ახალ წიგნებს. შესაბამისად, საქართველოსთვის პარიზის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა ქართული ლიტერატურის ფრანკოფონიულ ქვეყნებში პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა. ის ასევე ხელს შეუწყობს ქართველ და ფრანკოფონ გამომცემლობებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახალი, ქართული ლიტერატურისთვის განსხვავებული ბაზრის ათვისებას.


მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება როგორც პარიზის წიგნის ბაზრობის სპეციალურ თემატურ სცენებზე, ასევე ქალაქის ლიტერატურულ სივრცეებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ლანა ღოღობერიძე, ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე, გიორგი კეკელიძე, ბასა ჯანიკაშვილი, დავით მაჭავარიანი, დათო ლორთქიფანიძე, ლაშა ბაქრაძე. ქართველ გამომცემლებს საშუალება ექნებათ ეროვნულ სტენდზე გამართონ შეხვედრები და თავიანთი წიგნები წარუდგინონ უცხოელ გამომცემლებს.


ინალკოში პარიზის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ საქართველოს და საფრანგეთის ლიტერატურული და აკადემიური ინსტიტუციების წარმომადგენლები და ქართველი მწერლები: ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლაშა ბუღაძე. კონფერენციაზე დაანონსდება „2021 წელს თბილისი წიგნის დედაქალაქი“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო აქტივობები. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიია და UNESCO.

 


2020 წლის 10-12 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით მერვედ წარდგება ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, სადაც ქართველი გამომცემლები ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ უცხოელ კოლეგებთან, სტენდზე დამთვალიერებელი გაეცნობა ახალ ქართულ გამოცემებს და მიიღებს ინფორმაციას ქართული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელი ბრიტანეთში გამოცხადებულია ქართული სეზონის Georgian Season წლად. ამ წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიება დაიგეგმება.

 


2020 წლის 12-15 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე. ქართველი მწერლები და ილუსტრატორები, ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით მაჭავარიანი (კაკადუ), ლია სტურუა, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა და თეონა დოლენჯაშვილი ბაზრობის ტერიტორიაზე და ლაიფციგის სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ დაწესებულებაში გამართავენ შეხვედრებს. საქართველო ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით მეცხრედ წარსდგება.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor