მწერალთა სახლში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა - გაიმართა ადამიანის უფლებების თემაზე შექმნილი პლაკატების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და პანელ-დისკუსია თემაზე -„ადამიანის უფლებები და თანამედროვე ქართული ხელოვნება“.
ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ მხატვრები დავით ჯინჭარაძე, ნინო ჯიშკარიანი და თეონა ჭანიშვილი, გამოავლინა პლაკატების კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები.
კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი - ნინო გავაშელი
II ადგილი - ელისაბედ ფირცხალავა
III ადგილი - მარიამ დავითაშვილი
ჟიურის მიერ შერჩეულ გამარჯვებულებს ჯილდოდ გადაეცათ ფულადი პრემია 700, 400 და 200 ლარის ოდენობით. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული ათი ნამუშევარი დაჯილდოების ცერემონიაზე გამოიფინა.
დისკუსიაში, რომლის მოდერატორი იყო ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა იურისტი თამარ გურჩიანი, მონაწილეობდნენ კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, პუბლიცისტი გია ხადური, რეჟისორი დათა თავაძე და პოეტი პაატა შამუგია.
დისკუსიაზე ისაუბრეს ხელოვანის თავისუფლებაზე და მის როლზე ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. მონაწილეებმა მიმოიხილეს, თუ როგორ და რა ფორმით გამოხატავს ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.