01 ოქტომბერი 2019
2 ოქტომბერს ბექა ადამაშვილს ევროპის ლიტერატურული პრემია გადაეცემა

2 ოქტომბერს, ბოზარში, ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონია 14 გამარჯვებული ავტორის მონაწილეობით, რომელთა შორის იქნება ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი.

 

გამარჯვებულები 2019 წლის 22 მაისს, ბრუსელში,  ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენლობაში დაასახელეს რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა ბატონმა ვალერ-დანიელ ბრეაზმა და ევროკავშირის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისარმა ბატონმა თიბორ ნავრაჩიჩმა.

 

კონკურსი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის გამოცხადდა 2019 წლის 13 თებერვალს. იგი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის  ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით გამოცხადდა.

 

ევროპის ლიტერატურული პრიზის 2019 წლის გამარჯვებულები ბექა ადამაშვილთან ერთად გახდნენ ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია), პიია ლეინო (ფინეთი), სოფი დოლი (საფრანგეთი), რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი), ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი)იან ქარსონი (ირლანდია), ჯიოვანი დოზინი (იტალია), დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა), მართა ძიდო (პოლონეთი), ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი), ივანა დობრაკოვოვა (სლოვაკეთი), ჰასკა შიანი (უკრაინა) და მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო). თითოეული მათგანი მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით. გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოიცემა ინგლისურად და ფრანგულად და გამოქვეყნდება ერთ კრებულად.

 

კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში  შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელმაც გამოავლენა გამარჯვებული. საქართველოში შერჩეულ იქნა 5 კაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნატალია ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი, მედეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი, პაატა შამუგია, პოეტი და მთარგმნელი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, დათო ბარბაქაძე, მწერალი და მთარგმნელი.

 

წიგნისა და ავტორის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელი იყო გამომცემლობის მიერ. თითოეულ გამომცემელს  შეეძლო არაუმეტეს 5  მხატვრული (არა საბავშვო ან დოკუმენტური) წიგნის წარდგენა. ჟიურის წევრებს ასევე ჰქონდათ საკონკურსო კანდიდატების წარდგენის უფლება.

 

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ახალბედა ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის არსებობის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაჯილდოვდა 108 ავტორი 4 ქვეყნიდან. შარშან ევროკავშირის ლიტერატურულმა პრემიამ 10 წლის იუბილე ნოველების კონკურსით, „ევროპული ამბებით“, აღნიშნა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო წინა წლების ყველა ლაურეატს. თავისი ისტორიის ამ ახალი ციკლის საწყის ეტაპზე, პრემიამ პირველად დაასახელა ლაურეატები საქართველოდან და უკრაინიდან.

 

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება შემოქმედებითი ევროპის მიერ და მონაწილეობა შესაძლებელია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც მონაწილეობენ კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ამავე, 2014-2020 წლების პროგრამაში.

 

ყოველ საკონკურსო წელს თითოეულ მონაწილე ქვეყანაში კომპლექტდება ეროვნული ჟიური ლიტერატურის, საგამომცემლო და წიგნის გავრცელების სფეროს ექსპერტებით.  3-დან 5-მდე ავტორის შერჩევის შემდგომ, თითოეული ეროვნული ჟიური ირჩევს ლაურეატს. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზით, იზრდება მათი ცნობადობა საზღვრებს გარეთ და საერთაშორისო მასშტაბით, რაც იწყება ბრიუსელში დაჯილდოების ცერემონიით და გრძელდება ევროპის მთავარ წიგნის ბაზრობებსა და სხვა ღონისძიებებში ჩართულობით.

 

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილეთ ბმულზე:

 

http://bit.ly/2HKUT5k

 

http://bit.ly/2YqRDB7

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor