21 ივნისი 2018
ერთად დავუბრუნოთ მწერალთა სახლს დავით სარაჯიშვილის ავეჯი!

მაჩაბლის ქუჩაზე, N13-ში 1905 წელს აგებული შენობა, სადაც დღეს “მწერალთა სახლია“ განთავსებული, თბილისის არქიტექტურისა და ისტორიისთვის  უმნიშვნელოვანესი ადგილია. ეს სახლი დავით სარაჯიშვილმა ქორწინების 25-ე წლისთავზე ააგო და მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს უსახსოვრა. დროის ქარტეხილებს აქ ბევრი რამ გადაურჩა – იმდროინდელი ავეჯი, ჭურჭელი, აქსესუარები, თუმცა, უამრავი რამ დაიკარგა კიდეც. “მწერალთა სახლის” ადმინისტრაცია ცდილობს დაიბრუნოს დავით სარაჯიშვილის ნივთები. 2016 წელს შევძელით და „ჰევილენდ ლიმოჟის“ ფაბრიკაში სპეციალური დაკვეთით დამზადებული სადილის სერვიზი შევიძინეთ კერძო მფლობელისაგან.  

 

სახლის ძირითადი ნაწილის რესტავრაცია უკვე დასრულებულია. ახლახან დამთავრდა ე.წ აღმოსავლური ოთახის აღდგენაც. 2018 წლისთვის აქ  დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი გაიხსნება.

 

ამ ფოტოზე, რომელიც დიმიტრი ერმაკოვის მიერ 1905 წელს არის გადაღებული,  დავით სარაჯიშვილის სახლის მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახია.  ავეჯი, რომელიც აქ დგას – კარადა, მაგიდა და სკამები, დღეს კერძო კოლექციაშია და 20 000 დოლარად იყიდება. ამხელა თანხის გადახდას „მწერალთა სახლი“ მარტო ვერ შეძლებს. თუმცა, ჩვენი დიდი სურვილია სახლს დავუბრუნოთ და შთამომავლობას შემოვუნახოთ  გაფანტული ნივთები.

 

გადავწყვიტეთ, ვცადოთ და თანხა იმ ადამიანების დახმარებით მოვაგროვოთ, ვისთვისაც დავით სარაჯიშვილის ხსოვნა და ეს ისტორიული შენობა მნიშვნელოვანია.  გვჯერა, თქვენი გულისხმიერებისა და გვჯერა, რომ გამოგვივა!

 

თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იმედია, შევძლებთ თანხის მოგროვებას და დავით სარაჯიშვილის ავეჯი მის სახლში, მემორიალურ მუზუმში დაბრუნდება.

 

ჩვენი ანგარიშია:

 

მიმღები ბანკი - თიბისი ბანკი

ბანკის კოდი - TBCBGE22

მიმღების ანგარიში - GE37TB7227136080100004

 

მადლობას გიხდით წინასწარ!

„მწერალთა სახლის“ ადმინისტრაცია.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor