მთარგმნელობითი ლიტერატურული პრემია „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ გამარჯვებულები ცნობილია. პირველი მთარგმნელობითი კონკურსის გამარჯვებულები ხუთ კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: ლევან ბერძენიშვილი, მანანა მათიაშვილი, მანანა ღარიბაშვილი, დავით კაკაბაძე და თამარ სუხიშვილი.
92 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 18 მთარგმნელი მოხვდა, „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ პირველი ლაურეატები კი გახდნენ:
სალომე ბენიძე, რუპი კაურის წიგნისთვის „რძე და თაფლი“, გამომცემლობა „პალიტრა-L“;
ლალი უნაფქოშვილი, ჟულიენ გრაკის წიგნისთვის „ქალაქის ფორმა“, გამომცემლობა „აგორა“;
ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის წიგნისთვის „დაუმარცხებლები“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ელზა ახვლედიანს.
მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ინიციატივით 2020 წელს დაარსდა და წელს პირველად გაიცა. პრემიის მიზანია მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება.